ლინკი: იხილეთ მამა ზურაბ აროშვილის ვებ-გვერდი
მხილება უსჯულოებისა
„უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი)
ინტერვიუ მამა ზურაბთან (აროშვილი) საქართველოში ანტიეკუმენისტური მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ წინამძღოლთან, რომლის დიდი დამსახურებაც არის ის, რომ საქართველოს ეკუმენისტურმა საპატრიარქომ დატოვა "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო"

კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?
პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც - მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).
საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!
1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).
ამის გამო, ილია II-ს რამოდენიმე სტიქაროსანმა გავიხადეთ სტიქრები და დავტოვეთ სიონი. ამ პერიოდში ვცხოვრობდით ბეთანიის მონასტერში, სადაც მ. იოანეს და მ. ლაზარესთან ერთად გადაწყდა, სერიოზულად შეგვესწავლა წმ. მამები. განსაკუთრებით მათი სწავლება თუ დამოკიდებულება მწვალებლობასთან მიმართებაში. შემდგომ, 1989 წლიდან კი, დავიწყეთ მართლმადიდებელი ქრისტიანის ბიბლიოთეკის სერიალით წიგნის - „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“- ს გამოცემა. პირველი ტომის გამოსვლისთანავე საპატრიარქოსთვის ცხადი გახდა ჩვენი შეურიგებელი პოზიცია ყოველგვარი რელიგიური სინკრეტიზმის მიმართ, რაც მათ ეკუმენისტურ გეგმებს არ შეეფერებოდა. ამიტომაც დაიწყო ჩვენი შევიწროება, მაგრამ წიგნები სწრაფად ვრცელდებოდა საქართველოში და გარკვეული შედეგიც სახეზე იყო. ახალგაზრდა სამღვდელოების და მათი მრევლის დიდი ნაწილი მსოფლხედველობრივად ეკუმენიზმის წინააღმდეგ განეწყო. განსაკუთრებით 1995 წელს გამოცემულმა მეხუთე ტომმა (სადაც ბულგარელი არქიმანდრიტების სერაფიმე ალექსიევის და სერგი იაზაჯიევის წიგნის „რატომ არ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი“ და ასევე სერბი არქ. იუსტინე პოპოვიჩის „მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმის“ თარგმანები გამოქვეყნდა). რომელსაც ეპიგრაფად დავურთეთ წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის ბრწყინვალე სიტყვები – „ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი...“ (სიტყვა მეექვსე, მშვიდობის შესახებ). უკიდურისედ მტრულად განეწყო ილია II და საპატრიარქო ჩვენდამი. რა თქმა უნდა, გასაგებიც იყო ილია II-ეს რეაქცია, რადგანაც 1978 წლიდან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ერთ – ერთი თანაპრეზიდენტი იყო 8 წლის განმავლობაში და ამით ამაყობდა კიდეც, აი ნაწყვეტი მისი იმდროინდელი ქადაგებიდან, სადაც კარგად ჩანს ამ კაცის სარწმუნოება: – „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, კარდინალო ბატონო იოანე! ჩვენი გული აღვსილია სიხარულითა და მადლიერებით ღვთისადმი. დღეს ერთად აღვავლენდით ლოცვას ორი უძველესი ეკლესიის წარმომადგენელნი. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: ერთი უფალი ჩვენი – იესო ქრისტე, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული...“(სიტყვა, წარმოთქმული სიონის ტაძარში კარდინალ ვილებრანდსის მიმართ „ჯვარი ვაზისა“, 1979, #1. გვ. 10).
წმ. მამები კი სხვა აზრის იყვნენ მწვალებლებთან ერთად ლოცვაზე და მათი სარწმუნოების თავის სარწმუნოებად გამოცხადების შესახებ. გამოცემული ფაქტობრივი მასალით, რომელსაც „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისას“ მეხუთე ტომი შეიცავდა, მტკიცებოდა, რომ საერთოდ ეკუმენიზმი და კონკრეტულად ეს ორგანიზაციაც და „ევროპის ეკლესიათა კონფერენციაც“ (ორივეს ორგანული წევრი იყო საქ. ეკლესია) ღრმად ერეტიკული შინაარსის მატარებელი ორგანიზაციები იყო და მისი ორგანული წევრობა მოასწავებდა ამ ორგანიზაციათა კონსტიტუციის, მათ მიერ შემუშავებულ ერთობლივ დეკლარაციათა და დოკუმენტთა თანაზიარობას. ხოლო ტყუილი იმის შესახებ, რომ თითქოს ე.წ. მართლმადიდებლები ამ ეკუმენისტურ კრებებზე საქადაგებლად დადიოდნენ, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებიდან საცნაური ხდებოდა. აი, მაგალითები მათ მიერ ე.წ. „ჭეშმარიტების მოწმობისა“ –
ილია II-ის ევქარისტიული ერთობა - კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და რომის პაპი იოანე პავლე II თანალოცვისას.
-
მართლმადიდებელი ეკლესია არ მოითხოვს, რომ სხვა ქრისტიანები მოექცნენ და დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას... მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს უფლება ვინმეს მასთან შეერთებისაკენ მოუწოდოს (ემს-ს რწმენისა და მოწყობის კომისიის ანგარიში, ЖМП, #9, 1975). ЖМП - ეს არის ოფიციალური, ბეჭვდითი ორგანო მოსკოვის საპატრიარქოსი.
-
მოსკოვის პატრიარქი ალექსი II: მე ვლოცულობ, რათა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“ ერთგული დარჩეს თავისი თავდაპირველი მოწოდებისა, ანუ ყველა ეკლესიის საერთო სურვილის აღმასრულებელი იყოს სარწმუნოებრივი ერთობისა და ევქარისტიული კავშირის მიღწევის საქმეში (ЖМП, #6, 1991, გვ. 60).
-
რომის კათოლიკური ეკლესია მადლმოსილია ისევე, როგორც მართლმადიდებლური(,,Русская линия, 20.9.99).
-
მთავარეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): აუცილებელია გათავისუფლება ელინისტური იდეებისაგან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იყვნენ გაბატონებულნი ქრისტიანობაში და თანამედროვეობაში დაკარგეს თავიანთი მნიშვნელობა. საჭიროა მათი შეცვლა. ჩვენთვის აუცილებელია სრულიად ახალი ქრისტიანობა, ახალი წარმოდგენებითა და განსაზღვრებებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთზე, როგორც უზენაეს არსებაზე, ახალგაზრდობას ჩვენი არ ესმის. სწავლებას ლოგოსზე, იესო ქრისტეს პიროვნებაზე, როგორც განკაცებულ ღვთის სიტყვაზე, განსაკუთრებით კი წმ. სამების დოგმატზე და მის თვისებებზე დღეს არა აქვს გასავალი, რადგან ახალმა მიღწევებმა დაჯაბნეს ძველი იდეები. ჩვენ ვერ ვასწავლით იმ ქრისტიანობას, რომელსაც ოდესღაც თავად გავეცანით (,,New York Times, 25.09.67).
-
მიტროპოლიტი გიორგი კოდრე (ანტიოქიის საპატრიარქო): როდესაც ბუდისტი ანდა მუსულმანი თავიანთ საღმრთო წიგნებს კითხულობენ, მადლისმიერი შთაგონებით გაბრწყინებულნი, ისინი თვით ქრისტეს ჭვრეტენ. სული წმიდის მადლი არაქრისტიანულ რელიგიებშიც მოქმედებს. სული ცხოვრობს იქ, სადაც სურს. ქრისტიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ქრისტესკენ, როგორც ჭეშმარიტებისკენ, არ შეუქმნიან რაიმე დაბრკოლებას სხვა ჭეშმარიტებებს, რომლებიც სხვა ტრადიციებშია გაფანტული, რადგანაც ყველა ეს ჭეშმარიტება ერთი ღმრთაებრივი წყაროდან მომდინარეობენ. დიალოგის მიზანი არის შედეგების მიღწევა რელიგიურ გარდამოცემათა გვერდის ავლით, რადგანაც ეს გარდამოცემანი წინააღმდეგობაში არიან ერთმანეთთან. ვიპოვოთ ღმრთაებრივი ჭეშმარიტება, რომელიც შეფარულია სხვადასხვა ნიშნებსა და სიმბოლოებს მიღმა – აი, მთავარი მიზანი. ეს არ არის სინკრეტიზმი, ეს თავად ქრისტეა, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, რომელიც სხვადასხვა რელიგიათა უკიდეგანო სივრცეებზე დააბიჯებს (,,Faith and Order“, Paper #166, WCC Publications,GJeneva, 1994).
-
შვეიცარიის მიტროპოლიტი დამასკინოსი: „დადგა დრო, ვაღიაროთ არსებობა „ეკლესიისა ეკლესიის გარეშე“ მთელი მისი სავსებით, რომლის ერთიანობა სარწმუნოების არსში მდგომარეობს“ (,,ირენიკონ“, 1975, #2, გვ..255).
-
სერბეთის პატრიარქი პავლე: „მე ყოველი ლიტურგიის დროს პროსკომიდიაში (კვეთა) ვიხსენიებ რომის პაპ იოანე პავლე II-ს“ (ინტერვიუ სააგენტო E.N.I.- სადმი, Вдъ-Информ, აპრილი, 1999).
-
ვარშავის მიტროპოლიტი საბა: „სხვადასხვა აღმსარებლობათა „სინთეზის“ უმძიმეს გზაზე მრავალი წყალქვეშა კლდეა. კიდევ ბევრი ძალისხმევის დახარჯვა იქნება საჭირო, რათა სხვადასხვა რელიგიათა განშტოებანი ერთ, ძლიერ ხედ იქცნენ. ჩვენ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას რომის პაპის მიმართ, რომელიც დაუღალავად იღვწის ამ კეთილშობილურ ასპარეზზე“(,,Religion Today“, 12.6. 99).
-
ავსტრალიის მთავარეპისკოპოსი სტილიანოსი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო): „თავისი ცხოვრების დასაწყისში ქრისტე ცოდვილი იყო. მან უცოდველობას თანდათან მიაღწია. მასში მიმდინარეობდა ბრძოლა მის ორ ბუნებასა და ორ ნებას შორის“(1988 წლის საშობაო ეპისტოლე, ,,Voice of Orthodoxy“, dekemberi, 1987).
-
„ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის თეორია ჩემთვის მისაღებია“ (`Voice of Orthodoxy“, იანვარ-თებერვალი, 1987).
-
მიტროპოლიტი ნექტარიოს კალუმნოსელი (კონსტ. საპატრ.): „როდესაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასობით კათოლიკე მღვდელმა საკუთარ ეკლესიაში მღვდლობა მიატოვა, მართლმადიდებელი ეკლესია სისტემატიურად არიდებდა თავს მათ მიღებას თავის წიაღში, რათა არ მოწამლულიყო ურთიერთობა უძველეს რომის ეკლესიასთან. და როდესაც ევროპის მრავალ სამრევლოს, მათ შორის, იტალიაში — უნდოდათ კიდევ ერთხელ მართლმადიდებლობაში გადმოსვლა, ჩვენ წინდახედულად დავუხურეთ მათ კარი. მართლმადიდებლობა არ საჭიროებს პროზელიტიზმს. ის ამჯობინებს დატოვოს ათასობით ყოფილი კათოლიკე სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე. მაგრამ საუბედუროდ ისინი სხვა ეკლესიოლოგიურ ცდომილებაში ჩავარდნენ — ისინი აღმოჩნდნენ ძველი კალენდრის მიმდევართა ხელში. ამრიგად ეკუმენური დიალოგის სიმტკიცე ურყევი რჩება. (ათენის გაზეთი „ვემა“, 1 მარტი, 1992).
რაღა თქმა უნდა, ილია II-ემ პირად შეურაცხყოფად აღიქვა მეხუთე ტომის გამოსვლა. მოკლედ, საპატრიარქომ აკრძალა ამ ტომის საქართველოს ეკლესიებში გავრცელება! წიგნი მაინც გავრცელდა. მღვდლებისა და ბერ-მონაზონთა ნაწილმა გაავრცელა თავის სამრევლოებში.
1997 წლის გაზაფხულიდან ბერ-მონაზონთა ერთ ნაწილში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი იყო ამგვარი რელიგიური ორგანაზაციის წევრობა, ანუ საპატრიარქოსი, რომელიც ე. მ. ს.-სის ორგანული წევრი იყო. ჩვენც მონაწილენი ვიყავით ამ შეხვედრებისა და მსჯელობებისა. ეს მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩა საპატრიარქოს და ამავე წლის მარტში მიტროპოლიტმა დანიელმა, მე და ჩემს ძმას, შეხვედრა გვთხოვა (ყოფილი მღვ. დავით დათუაშვილი). ჩვენც შევხვდით. საუბარს ესწრებოდა ეპისკოპოსი პავლეც (ფაჩუაშვილი) და რამოდენიმე მონაზონი. მიტრ. დანიელმა პირდაპირ გვითხრა, რომ საპატრირქო ფლობდა ინფორმაციას ეკლესიაში შესაძლო დიდი განხეთქილების შესახებ და ისიც იცოდა, რომ ჩვენც ვმონაწილეობდით ამ მოძრაობაში. მან გვთხოვა, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა ეკლესიისთვის და ყველანაირად შეეცდებოდა პატრიარქთან ეშუამდგომლა და მოლაპარაკებები ეწარმოებინა, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო. ჩვენ ძალიან უბრალოდ და მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მოვთხოვეთ ე. მ. ს-ის და კ. ე. ც. ი. – ის დატოვება ოფიციალურად, და ასევე, საჯარო დაგმობა ეკუმენისტური მოძრაობისა და მისი იდეოლოგიისა, ასევე, უარყოფა ყველა ერთობლივი დოკუმენტებისა. მიტრ. დანიელმა გვითხრა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა და ამის გაკეთება არც იყო საწირო. ერთი არგუმენტიც კი მოიყვანა – ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ ორგანიზაციებიდანო, მაშინ ევროპა და მსოფლიო ბლოკადას გამოუცხადებენ საქართველოს და ხალხი შიმშილით მოკვდებაო, მაშინ ერი მოგვადგება ჩვენო და გვეტყვიან, მოგვეცით პურიო და ჩვენ რა უთხრათ მათო? (მაშინ რას იფიქრებდა, რომ ორ თვეში თვითონვე მოაწერდა ხელს, და თანაც დაჩქარებული წესით, ე. მ. ს. – ის და კ. ე. ც. ი. – ის დატოვებას) ჩემმა ძმამ უთხრა; გაყიდეთ დაგროვილი ქონება და მიეცითო, მიტროპოლიტმა უპასუხა - ჩვენ კი გავყიდით, მაგრამ არ ეყოფათო. მე ვუთხარი მაშინ მიტროპოლიტს და ეპისკოპოსს: ე.ი. თქვენ იძახით, რომ თუ ეკლესია წეშმარიტების ერთგულებას შეინარჩუნებს, მაშინ ღმერთი მის ერს შიმშილით მოკლავს-თქო?
კითხვა რიტორიკული აღმოჩნდა, პასუხი ბუნდოვანი. მოკლედ, ამას ვერ ვიზამთ ჩვენო–გვითხრეს ეპისკოპოსებმა და ჩვენც საბოლოოდ დავცილდით მათ. ანდა რა საერთო შეიძლებოდა გვქონოდა ასეთ ეპისკოპოსებთან?!
დიდი მარხვის პერიოდში ცხადი გახდა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა აუცილებლად მოხდებოდა. არქიმადრიტი იოანე, არქიმადრიტი გრიგოლი (კობახიძე) და არქიმანდრიტი გიორგი (ხაბეიშვილი) და ბეთანიის მონასტერი მზად იყვნენ უკვე ამისთვის; არქ. იოანემ დაწერა პატარა წერილი. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო მეორე არქიმადრიტმა გიორგიმაც (ბარიშვილი) (შიო-მღვიმის წინამძღვარი) და შიო-მღვიმის მონასტრის სახელით გაგზავნილ იქნა ეს წერილი საპატრიარქოში. წერილს ერქვა – „ობოლ ვიქმნენით ვითარცა არმქონებელნი მამასა“ (ლოცვა იერემიასი).
მოგვიანებით ქვათა-ხევის მონასტერიც შემოურთდა ამ მონასტრებს (წინამძღვარი არქ. ბასილი (მაჩიტაძე))
უფრო ვრცლად 1997 წლის მოვლენების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ გვერდზე:
http://www.geocities.com/Athens/Thebes/1865/RussIndex.html
მალევე შეიკრიბა სინოდი და ბევრისთვის (და არა ყველასთვის) მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო- დაეტოვებინა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” და კ. ე. ც. ი. ძალიან დამფრთხლები და შეშინებულები იყვნენ მაშინ საპატრიქოს კარზე. მე პირადად მიწევდა ხოლმე მისვლა და რიგრიგობით მიმქონდა სხვადასხვა მონასტრების წერილები ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შესახებ, ამ წერილებს პატრიარქის პირად მდივანს ხელში ვაბარებდი.
ლინკი: ინტერვიუს გაგრძელება
აქვე უნდა აღინიშნოს, მანამდე, ჩვენი კარგი მეგობრის და ბერის, არქ. ლაზარე (აბაშიძის) საქციელი. ის, 1997 წლის ზამთრში, ილია II-ზე განაწყენებული ზოგიერთ საეკლესიო საკითხზე, და ასევე ეკუმენიზმის გამოც, გაემგზავრა ათონზე. საიდანაც მუდმივად ჰქონდა ჩემს ძმასთან სატელეფონო კავშირი. ის იძახოდა, რომ ათონელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა უკიდურესი ზომების მიმართვაო და არ გაწყვიტოთ ევქარისტიული კავშირიო. აქ კი მოვლენები, როგორც ზემოთ ვთქვით, ასე წარიმართა: გაზაფხულზე დაბრუნდა არქ. ლაზარე საქართველოში. იყო ორი საუბარი და შეხვედრა მასთან. ის უარყოფითად იყო განწყობილი მომხდარი ფაქტის გამო და ჯიუტად იმეორებდა: ათონზე თქვეს ჯერ ადრეაო! მოკლედ, სინოდის სხდომის წინა ღამეს საკუთარი სურვილით ითხოვა აუდიენცია ილია II-სთან და უთხრა, რომ ათონელები იძახიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება, გინდა გამოდი და გინდა არა ეკუმენიზმიდანო! ასე ამბობენ ათონელი მამები: ცუდიაო ეკუმენიზმი, მაგრამ იმ ბერებს არ ამართლებენ, ვინც შენთან კავშირი გაწყვიტაო! ეს ჩვენ მეორე დილას მისი სატელეფონო საუბრიდან შევიტყეთ, როდესაც მან მ. იონეს დაურეკა და თვითონ მოუთხრო ყველაფერი, რაც წინა ღამეს გააკეთა. პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას - ამას ბინძური ღალატი ერქვა, არა ჩვენი და ამ მოძრაობის, არამედ მართლმადიდებლობისა!
ზემოთ აღვნიშნე, რომ ბევრისთვის, მაგრამ არა ყველასთვის, მოულოდნელი იყო სინოდის ეს გადაწყვეტილება. ზეწოლა ძალიან დიდი იყო სინოდზე. სინოდის სხდომის წინა დღეებში ეკუმენიზმიდან გამოსვლის მოთხოვნას შეურთდა შემოქმედის ეპარქიის თითქმის ყველა სასულიერო პირი. ამან კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია სინოდი. ასე რომ, გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მასებზე და სასულიერო პირთა დიდ ნაწილზე, რომელთაც კარგად არ ჰქონდათ გააზრებული, თუ რას წარმოადგენდა ეკუმენიზმი მსოფლიოს ოფიც. მართლმადიდებელ ეკლესიებში, დამამშვიდებლად იმოქმედებდა. ილია II-ემ ეს კარგად და გონივრულად გათვალა. ხოლო მათ, ვინც ეს იძულებითი ნაბიჯი გადაადგმევინა, სასულიერო პირობა შეუჩერა და წინამძღვრობიდან გადააყენა, ხოლო ერისკაცები უზიარებლობით დასაჯა. ასე, რომ ანტიეკუმენისტი გმირიც გამოჩნდა და თანაც თავისი იდეოლოგიური მტრები, ანუ ისინი, ვინც აიძულა ეს გაეკეთებინა, სასტიკად დასაჯა. ავტორიტეტი ერთი ასად აიწია ეგზალტირებულ და ვითომ ანტიეკუმენისტ სამღვდელოების დიდი ნაწილში და მათ სამრევლოებში. ამიტომ მისი ეს ვითომც „სარწმუნოებრივი“ გადაწყვეტილება, (როგორც ამას უწოდებს დღეს ბევრი მოტყუებული ადამიანი) შევამოწმეთ ჩვენი მეორე წერილით, სათაურით – „ღია წერილი საქართველოს ეკლესიის სინოდს“ და ეპიგრაფით „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი უფროის ვიდრე კაცთაი“ (სამოც. 5, 29), სადაც მოვთხოვეთ, გაეწყვიტათ კავშირი ყველა ეკუმენისტურ საპატრიარქოებთან. რაზეც, რა თქმა უნდა, საბოლოო და კატეგორიული უარი მივიღეთ. იცოდა ილია II-ემ, რომ უკვე პირველი გადაწყვეტილების შემდგომ მას რამოდენიმე სასულიერო პირისა და მცირე ერისკაცთა ჯგუფის გარდა წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა. ასეც მოხდა. ჩვენი ძველი მეგობრები და თანამოაზრე სასულიერო პირები განეიტრალდენ და დაკმაყოფილდენ სინოდის გადაწყვეტილებით.
არქ. გრიგოლი კობახიძე - დავით გარეჯის წინამძღვარი გაემგზავრა საბერძნეთში ეპისკოპოსის მოსაძებნად. არქ. გიორგი ბარიშვილი თავს იკავებდა ახალი ეპისკოპოსის მოძებნაზე (და დღემდე თავს იკავებს). დანარჩენი სასულიერო პირები ფიქრობდნენ რუსულ ემიგრანტულ ეკლესიაზე, მაგრამ მათ ხმა არ გაგვცეს და ჩვენი წერილები უპასუხოდ დატოვეს. ამ პერიოდში მსოფლიოს რელიგიური ელექტ. პრესა და საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებდენ მიმდინარე მოვლენებს. ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსები დაინტერესდენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მოგვწერეს ძალიან თბილი, მხარდამჭერი წერილი. ასევე უნდა ითქას, რომ ამ პერიოდში, მათ ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა სტუმრად მ. ანდრია (ბოროდა), რომელიც იმ წლებში, ამერიკის ერთ-ერთ იურისდიქციაში მღვდელი იყო. მ. ანდრეას ვრცლად გამოკითხეს საქართველოსა და ჩვენს შესახებ ეპისკოპოსებმა და ჩვენთან ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს. ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია არის ნეტარ ხსენებული მთავარეპისკოპოს ავქსენტის, ანუ საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ნაწილი ამერიკაში, ხოლო მთავარეპისკოპოს ავქსენტის გარდაცვალების შემდგომ ამერიკაშიც და საბერძნეთშიც მის მემკვიდრეებად დარჩნენ. ჩვენ შეძლებისდაგვარად დავიწყეთ შესწავლა ამ სინოდის ხელდასხმებისა და საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეღრმავებინა მათთან კონტაქტი. მ. იოანე ჯერ მოსკოვში ჩაფრინდა მათ გასაცნობად, ხოლო შემდეგ ამერიკაში იმყოფებოდა სამი კვირა მათთან.
მ. იოანეს დაბრუნების შემდეგ, როგორც მისი მონათხრობით შევიტყეთ სავსებით გამართული იერარქიული მდგომარეობა ჰქონდათ მათ და სარწმუნოებითაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები იყვნენ. ბერ-მონაზვნებმა და ერისკაცებმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავსულიყავით მათ იურისდიქციაში და ხელდასხმა მიგვეღო მათგან.
აი, ძალიან მოკლე ისტორიული ექსკურსი იმ მოვლენების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო ეკუმენიზმთან ბოლო 20-25 წლის პერიოდში.
რაც შეეხება, კანონიკურობას ჩვენი მოქმედებისა, რაღა თქმა უნდა, სრული უფლება გვქონდა გავმიჯნოდით მწვალებელ ეპისკოპოსს ორგზისი კრების მე-15 კანონის მიხედვით (იხ. დიდი სჯულის კანონი).
სინანული გვმართებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ მივიღეთ ღირსეული გადაწყვეტილება და ჯერ კიდევ 80-იან წლებში არ გავწყვიტეთ რელიგიური ერთობა ეკუმენისტებთან.
საქართველოში ეკუმენიზმის ფუძემდებელია ილია II. ამაზე მეტის თქმა, აღარც არის საჭირო. ვისთვისაც ეკუმენიზმი მწვალებლობა და უფრო მეტიც, მწვალებლობათა კრებული არ არის, მისთვის მართლმადიდებლობა, ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება ვერ იქნება!
რაც შეეხება თქვენს კითხვას – რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?
მახსენდება 1997 წლის ზაფხული, როდესაც ბეთანიის მონასტერმა გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი ილია II-სთან, მაშინ იქ ბევრი სასულიერო პირი ჩამოდიოდა ბერთა „გონს მოსაყვანად“ მათ შორის მ. ზურაბი (ანთაძე). ბოლო ჩამოსვლისას უსიამოვნო ლაპარაკი შედგა ბერებსა და მ. ზურაბს შორის, რის გამოც ნაჩქარევად მოუწია მონასტრის დატოვება. გარეთ მანქანა ელოდებოდა. გავაცილე და ვუთხარი: მ. ზურაბ, იცოდე რკინის ქალამნებს ჩავიცმევთ და რკინის ჯოხს მოვიძიებთ და თუ საჭირო იქნება, ანტარქტიდაში ჩავალთ და იქ მოვძებნით მარლმადიდებელ ეპისკოპოსს-მეთქი. თითქმის ასეც მოხდა, სულ ცოტა დაგვაკლდა ანტარქტიდამდე.

ლინკი: ჩამოიტვირთეთ სრული ინტერვიუ PDF-ფორმატში

პაპი ანტი-ქრისტეს ნიშანს 666-ს გამოხატავს
-
-
|

|
-
მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.
|